
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორისი გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.
ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.
ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.
შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.
გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge