
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: 27 სექტემბერი - კაიროსი, გამოტოვებული დრო
უკვე ოცდაცამეტი წელია სოხუმში დამწვარი მთავრობის სახლი დგას. ჩამოშლილი ფანჯრებით, შავი კედლებით და ცარიელი დერეფნებით. შენობა ერთ თარიღზე - 1993 წლის 27 სექტემბერზე გაიყინა.
ყოველ წელს, ამ დღეს, დაკარგულ ქალაქს ვიხსენებთ. მაგრამ იშვიათად ვსაუბრობთ დაკარგულ დროზე.
ძველ ბერძნებს დროის აღსანიშნად ორი სიტყვა ჰქონდათ. ქრონოსი - დრო, რომელიც უბრალოდ გადის. და კაიროსი - წამი, რომელიც ერთხელ მოდის და თუ არ დაიჭირე, აღარ ბრუნდება. სოხუმის ამბავი - კაიროსის ამბავია. გამოტოვებული მომენტის ამბავი.
1986 წელს გორბაჩოვმა ავღანეთის ომს „სისხლმდენი ჭრილობა“ უწოდა. სამი წლის შემდეგ საბჭოთა ჯარი ავღანეთიდან დამარცხებული გამოვიდა. ომი წაგებული, ეკონომიკა ჩამოშლილი, მოსკოვს კი აღარც ფული და აღარც ძალა. იმპერიის კედლებში ბზარები გაჩნდა, რომელიცაღა მალე ნაპრალებად იქცა და შემომავალი სხივებით დამოუკიდებლობის იდეა განოყიერდა.სამწუხაროდ იმპერიები ერთბაშად არ კვდება. სიკვდილის წინ ისინი კონვულსიაში ვარდებიან, უკანასკნელ ძალას იკრებენ და იქ ურტყამენ, სადაც მსხვერპლი ყველაზე სუსტია.
ამ ომში დამნაშავე ერთია და მისი სახელი ყველამ ვიცით.რუსეთმა აფხაზეთის ომი არათუ წააქეზა, ის შეაიარაღა, დააფინანსა და მართა. ეს იყო ნგრევის ფაზაში მყოფი იმპერიის ოპერაცია. ოკუპაცია, რომელიც დღესაც გრძელდება.
თუმცა, დამნაშავის დასახელება არ ნიშნავს ნასწავლ გაკვეთილს.რუსეთი დამნაშავეა, მაგრამ მხოლოდ დამნაშავის დასახელება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გაკვეთილი ვისწავლეთ.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე თვით ადრე რუსთაველზე ტყვიები ცვიოდა. თბილისის ფანჯრები მტრის ჭურვმა კი არა, მტრის მიერ მოცემულმა, მაგრამ ჩვენმა ნასროლმა ტყვიებმა ჩამოამსხვრია. აფხაზეთის ომს ერთიანი ჯარის ნაცვლად დაქსაქსული რაზმებით შევხვდით, ერთიანი სარდლობის ნაცვლად კი ერთმანეთზე ეჭვით, სტრატეგიის ნაცვლად ერთმანეთის დასუსტებაზე მომართული მოქმედებით.
შედეგი ცნობილია: ათასობით დაღუპული, ორასი ათასზე მეტი დევნილი, ენგურზე და კოდორზე გადმოსული ხალხი, რომელიც დღემდე ვერ უბრუნდება თავიანთ სახლებს, თავიანთ ბავშვობას.იმავე წლებში, იმავე იმპერიიდან, სამი პატარა ქვეყანა სხვა გზით წავიდა. 1989 წლის აგვისტოში ორმა მილიონმა ადამიანმა ტალინიდან ვილნიუსამდე ერთმანეთს ხელი ჩაკიდა - ცოცხალი ჯაჭვი ბალტიის გზაზე. იქაც იყო რუსული უმცირესობა, იქაც იყვნენ პროვოკატორები, ვილნიუსის ტელეანძასთან საბჭოთა ტანკებიც დადგნენ.
მაგრამ სანამ ჩვენ ერთმანეთს ვესროდით, მათ ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს.ღია ფანჯარა ბალტიისპირეთში კარგად შენიშნეს და ნატოსა და ევროკავშირში მალევე შევიდნენ.ახლა, ფანჯარა, ჩვენსავე სიცოცხლეში მეორედ გაიღო.მანამდე კი რუსეთი ოცდაათი წელი მოთმინებით იკრებდა ძალას და ცდიდა მას 2008 წელს ჯერ ჩვენზე, 2014-ში კი ყირიმში. და ბოლოს ისევ ის შეცდომა დაუშვა, რომელიც იმპერიებს ყოველთვის ემართებათ: საკუთარი ძალა და რესურსები გადააფასა. ომი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, მეხუთე წელია გრძელდება. დანაკარგები ისეთია, რომ ავღანეთის ათწლიანი ომის 15 ათასი დაღუპული ამ ფონზე წვრთნების დანაკარგად გამოიყურება. ბიუჯეტი ღრმა დეფიციტშია, ნავთობის შემოსავალი იკლებს, ეკონომიკა ომის ხარჯს ძლივს ეზიდება.უკრაინა რუსეთისთვის ახალი ავღანეთია. ოღონდ უფრო ახლოს, უფრო ძვირი და უფრო სისხლიანი.
ამას ყველა გრძნობს. სომხეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ყველაზე ერთგულ მოკავშირედ ითვლებოდა კარს დასავლეთისკენ აღებს. აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი ვაშინგტონში შეათანხმა. მოლდოვა, ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც ჩვენ ვუზიარებდით გამოცდილებას, ევროკავშირისკენ ჩვენზე სწრაფად მიდის.ყველა ფანჯარასთან დგას და ზოგის ინსტიტუციური ფილტვები უკვე ივსება დედამიწაზე ყველაზე მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი და კეთილდღეობის ჟანგბადის მქონე ჰაერის ფილტვებით.
ჩვენ კი, ქვეყანა, რომელიც სულ ახლახან ევროპული გზის ლიდერი იყო, ღია ფანჯარასთან ზურგით დავდექით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ამ წამს კაიროსად აღიქვამდა. შიგნით - ჭრილობების შეხორცებას დაიწყებდა, ოპონენტს სტუმრად დაპატიჟებდა, დილეგში გამომწყვდევის ნაცვლად, საზოგადოებას ერთი მიზნის გარშემო შეკრავდა. გარეთ - ევროპასა და ამერიკასთან კავშირს გაამყარებდა, რათა ფანჯარა ღია დარჩენილიყო.„ქართული ოცნება“ სოხუმის გაკვეთილს უკუღმა კითხულობს.
ევროკავშირთან მოლაპარაკებები თავად გაყინა. პარტნიორებს „გლობალური ომის პარტია“ეძახა. ოპოზიციის ლიდერები ციხეში ჩასვა და აკრძალვით დაემუქრა, საზოგადოების ნახევარი „აგენტებად“ და „მოღალატეებად,“ ახლა უკვე ,,სატანისტებად“ მონიშნა, კრემლის ნარატივები კი ჩვენივე ქვეყნის ოფიციალური ტრიბუნიდან ისმის.
კრემლს ამჯერად ტანკები არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ ის, რომ ჩვენ ისევ ერთმანეთის დასუსტებით და განადგურებით ვიყოთ დაკავებული. რასაც ზოგი ზედმეტი მონდომებით ასრულებს.ყველაზე ცინიკური კი ისაა, რომ ხელისუფლება, რომელიც ყოველ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს შაბლონური, თუმცა ფორმალურად სევდიანი სიტყვით გამოდის, დანარჩენ 364 დღეს ზუსტად იმას აკეთებს, რამაც სოხუმის დაცემა გაადვილა: ხელოვნურად ინსპირირებული განხეთქილების ხელით ხურავს ფანჯარას.
ამბობენ, ისტორია ორჯერ მეორდებაო - პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი. სოხუმი ტრაგედია იყო. მაგრამ მაშინ, ბევრი სირთულე გვქონდა.დღეს გამართლება აღარ გვაქვს. მაგალითი თვალწინაა, შედეგი წინასწარ ცნობილი.
ამიტომ, თუ მეორე ფანჯარაც დაიხურა, ამას ტრაგედიას ვეღარ დავარქმევთ.სოხუმის მთავრობის სახლს ოცდაცამეტი წელია ფანჯრები არ აქვს. თბილისში კი თავად ვამსხვრევთ ისტორიის მიერ ჩვენი თაობებისთვის გაღებულ ფანჯრებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge