
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დაბადების დღე სიკვდილის ჩრდილში - ბნელმა ვერ მოიცვა ნათელი დღეს
ვლადიმერ პუტინის სამოცდამეთოთხმეტე დაბადების დღეა. ტირანს კიდევ ერთი წელი მოემატა. რამდენ ადამიანს აღარ მოემატება არცერთი წელი მის გამო - ამ ანგარიშს კრემლში არავინ აწარმოებს, მაგრამ იქ სადაც მას ჯოჯოხეთი მოელის - ბოროტების თითოეული წელი, დღე და საათი დათვლილია...
დაბადების დღე, ჩვეულებრივ, განვლილი ცხოვრების გადასახედია. პუტინის შემთხვევაში ეს შეწყვეტილი ცხოვრებებით სავსე ველია. ადამიანებით, რომლებიც ვეღარ დაბერდებიან. ბავშვებით, რომლებსაც ბავშვობა წაართვეს. ოჯახებით, რომელთა მისამართიც ახლა ნანგრევებია. ქვეყნებით, რომლებსაც საკუთარი მომავლის არჩევისთვის ომით სჯიან.
ქართველისთვის პუტინი შორეული ტირანი არ არის. მისი მმართველობის კვალი ჩვენს მიწაზე გადის - ოკუპაციის ხაზად, მავთულხლართად, დაცარიელებულ და ბულდოზერებით გადასწორებულ ქალაქებად და სოფლებად, დაკეტილ ეკლესიებად, უძველეს ფრესკებთან დაუნთებელ სანთლებად და წინაპართა საფლავებზე ამოსულ სარეველებად. ეს კვალი გადის ადამიანების ცხოვრებაზეც: სახლში ვერდაბრუნების წლებად, დაკარგულ ახლობლებად, აპაერტეიდის პირობებში მცხოვრები ქართველების ყოველდღიურ შიშად და იმ დამამცირებელ შეგრძნებად, როცა შენს ქვეყანაში ვიღაც ცდილობს დაგაჯეროს, რომ თავისუფლების სურვილი სახიფათოა, მორჩილება კი - სიბრძნე.
პუტინმა ამ მორჩილებას მთელი პოლიტიკური ეკოსისტემა შეუქმნა. გამოზარდა რეჟიმები, რომლებსაც მოქალაქეებზე მეტად კრემლის კეთილგანწყობა სჭირდებათ; პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ხალხის მომავალს სხვისი ძალაუფლების გაგრძელებაში ცვლიან; პროპაგანდისტები, რომლებიც მკვლელს მშვიდობის დამცველად, მსხვერპლს კი საკუთარი უბედურების მიზეზად გვიცხადებენ.
სტალინის ჩრდილში დაბერებული ბოროტი კარიკატურისთვის, ასაკის მატებასთან ერთად, სხვისი სიცოცხლის ღირებულება უფრო უფასურდება და უფრო ღრმად ეფლობა საკუთარ მითებში - თითქოს ისტორიის გადაწერა ევალება, დაკარგული იმპერიის დაბრუნება და ამისთვის მილიონობით ადამიანის ბედის განკარგვა შეუძლია.
"ხუილო"-დ ქცეული მონსტრის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა მხოლოდ ნგრევა არ არის. ეს არის მცდელობა, ადამიანებს უზნეობასთან შეგუება ასწავლო. დააჯერო, რომ ყველა იყიდება, სიმართლე არ არსებობს, ძალას ყველაფერი ეპატიება და ღირსება მხოლოდ გულუბრყვილოების უსარგებლო ტვირთია. ასე იქცა ბოროტება ყოველდღიურ წესრიგად - ჯერ კრემლში, შემდეგ მისი კლიენტების სამფლობელოებში.
მაგრამ უკრაინა ამ ბოროტების "წესრიგს" არ შეეგუა.
სწორედ პუტინის დაბადების დღეზე დავლოცოთ უკრაინა, მისი გმირი ხალხი და არმია. ისინი, ქართველ მეომრებთან ერთად, საკუთარ ქვეყანას იცავენ და ამ ბრძოლით ჩვენს თავისუფლებასაც აძლევენ შანსს. ღმერთმა მისცეთ გამძლეობა, ძალა და გამარჯვება, რომ რუსი ტირანის მიერ დატრიალებული ჯოჯოხეთი რაც შეიძლება მალე დასრულდეს!
ზღაპრებში დიდი ბოროტების დამარცხებისთანავე მისი პატარა მსახურებიც ქრებიან. ცხოვრებაში ამას ჩვენი ძალისხმევაც სჭირდება. მაგრამ როცა კრემლის საყრდენი ჩამოიშლება, მის კლიენტურას საქართველოშიც მოუწევს საკუთარ ხალხთან პირისპირ დარჩენა - მფარველის გარეშე, საკუთარ ნამოქმედარზე მოპასუხედ.
მამარდაშვილი საბჭოური ხრწნის შედეგად ატროფირებულ პასუხისმგებლობაზე ამბობდა: "ეშმაკი ჩვენით თამაშობს, როცა ზუსტად არ ვაზროვნებთ". ამიტომ, სწორედ პუტინის დაბადების დღეზე ბოროტებას თავისი სახელი უნდა დავარქვათ - ოკუპაციას მშვიდობა ვერ ერქმევა, მორჩილებას - სიბრძნე, დამონებაში თანამზრახველობას - ქვეყნის გადარჩენა.
საქართველოს ყველაზე დიდ ცოცხალ მტერს რაც არ უნდა ვუსურვო - ღვთის სამსჯავროზე მკაცრს მაინც ვერაფერს ვიტყვი.
"ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა", - ამბობს სახარება. ამ ბნელმა ბევრი სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ სიცოცხლის გაგრძელების ნება ვერ ჩააქრო. მალე დადგეს დღე, როცა მის მიერ დაცარიელებულ სოფლებსა და ქალაქებში ადამიანები დაბრუნდებიან, დაკეტილ ეკლესიებში სანთლები აინთება და ბავშვები დაბადების დღეებს სასიკვდილო საფრთხის მაუწყებელი სირენების გარეშე გადაიხდიან. ესაა ლოცვა, რომელიც პუტინისთვის წყევლაა.. მალე დადგეს დღე, როცა ეს მახინჯი ბოროტება საკუთარ დაბადებას დაწყევლის!
ფორმულა
წყარო: formulanews.ge