
ზახაროვა: საქართველო გარედან თავსმოხვეულ პოლიტიკას არ უნდა დაემორჩილოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველო ცდილობს, საგარეო გავლენებისგან თავი დაიცვას და გადაწყვეტილებები საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მიიჩნევს, რომ თბილისი არ აპირებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.
რუსი დიპლომატის თქმით, გარკვეული არარეგიონალური ძალები საქართველოს ისეთ პროცესებში ჩართვას ცდილობენ, რომლებიც მოსკოვის შეფასებით, „რუსოფობიურ ხასიათს“ ატარებს. ზახაროვას განცხადებით, სწორედ ეს გარემოება ქმნის წინააღმდეგობას საქართველოსა და გარე აქტორებს შორის.
„არარეგიონალური მოთამაშეებისთვის შექმნილი ვითარება ყელში გაჩხირულ ძვალს ჰგავს“, — განაცხადა ზახაროვამ და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, არსებობს მცდელობები, თბილისს კონკრეტული პოლიტიკური მიმართულება გარედან მოახვიონ თავს.
ზახაროვას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მისთვის გასაგებია, რადგან თბილისი ცდილობს, თავიდან აიცილოს ისეთი საგარეო გავლენები, რომლებიც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გადამეტებულ ზეწოლას მოახდენს.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის საკითხს. მისი თქმით, სუვერენიტეტი გულისხმობს შესაძლებლობას, სახელმწიფომ დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკა და ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე ააგოს.
„სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ არ დაუშვა დესტრუქციული გავლენა, რომლის მიზანიც დახმარება კი არა, საკუთარი ნების თავსმოხვევაა“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისივე შეფასებით, საქართველოს მცდელობა, შეამციროს გარე პოლიტიკური ზეწოლის გავლენა, მოსკოვისთვის გასაგებია. ზახაროვას თქმით, თბილისი ცდილობს, ერთდროულად დაიცვას საკუთარი ინტერესები და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე განავითაროს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და თბილისისა და დასავლეთის ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება
ფორმულა
წყარო: formulanews.ge