
ნატო იტალიაში ბირთვულ წვრთნებს მართავს და მოსკოვის დამშვიდებას ცდილობს
Politico-ს ინფორმაციით, ნატო მოსკოვის დარწმუნებას ცდილობს, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული წვრთნები შიშის საფუძველს არ იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსსა და რუსეთს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.
ალიანსის ცნობით, სწავლებაში სახელწოდებით Steadfast Noon, რომელიც 13-23 ოქტომბერს გაიმართება, 17 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი წვრთნები მოსკოვსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ტარდება, რაც აგვისტოში კალინინგრადის მახლობლად ჩატარებულ სწავლებებსა და მასზე რუსეთის მუქარებს მოჰყვა.
ნატო-ს ბირთვული პოლიტიკის დირექტორმა, ნასიმა ბაროუსმა აღნიშნა:
„ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ ნერვიულობა საჭირო არ არის — ეს პროგნოზირებადია და არ არსებობს არასწორი გათვლების საფუძველი. მიზანი მოკავშირე ძალების მომზადება და ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.“
მოსკოვმა წინა წვრთნების შემდეგ ალიანსს მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა, სადაც მოკავშირეების ტერიტორიაზე დარტყმითა და ბირთვული არსენალის გამოყენებით დაემუქრა, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საჯაროდ დაგმო.
დაძაბულობას ასევე ამწვავებს ევროპული ქვეყნების ბრალდებები რუსეთის მიმართ ჰიბრიდული თავდასხმებისა და საბოტაჟის გამო. ნატო-ს ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, ალიანსის მიზანია სიტუაციის განმუხტვა და სიმშვიდის შენარჩუნება.
აშშ-ის პოლკოვნიკმა და ნატო-ს ბირთვული ოპერაციების ხელმძღვანელმა დევიდ ბულმა განმარტა, რომ წვრთნები მოიცავს როგორც განგაშის იმიტირებულ გამოცხადებას, ისე რეალურ ფრენებს, თუმცა რეალური ბირთვული იარაღი გამოყენებული არ იქნება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge