
ფინეთის სამხედრო უწყებამ ბალტიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდზე დარტყმა დააფიქსირა
ფინეთის სამხედრო უწყების განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ფინეთის ყურის რაიონში რუსულ სამხედრო ხომალდზე განხორციელებული დარტყმა დააფიქსირეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ესტონური მედიის ინფორმაციით, დაზიანებული მცირე ზომის სამხედრო გემი მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა.
„ფინეთის თავდაცვის ძალებმა დააფიქსირეს დარტყმა რუსულ სამხედრო ხომალდზე ფინეთის ყურის რაიონში და ვითარების განვითარებას აკვირდებოდნენ. ფინეთს არანაირი უშუალო სამხედრო საფრთხე არ ემუქრება“, — განაცხადა ქვეყნის სამხედრო უწყების პრესსპიკერმა.
ოფიციალურმა ჰელსინკიმ ინციდენტის ზუსტი დროის, ადგილმდებარეობისა და დაფიქსირების მეთოდების შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა სტაბილური რჩება.
მომხდარს წინ უძღოდა რეგიონში დაძაბულობის ზრდა — ოთხშაბათს დილით ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო მოსახლეობა თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გააფრთხილეს, რასაც ნატოს მხრიდან ცაში გამანადგურებლების აშვება მოჰყვა. პარალელურად, უკრაინული დრონები პერიოდულად ახორციელებენ იერიშებს რუსეთის ლენინგრადის ოლქისა და ბალტიის ზღვის პორტების მიმართულებით.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge