
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების ვადის საკითხს უკავშირდება.
მისი თქმით, 1996 წლის 8 მარტს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის ბაქო-სუფსის მილსადენის საქართველოში მდებარე მონაკვეთთან დაკავშირებით ,,მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადა 2026 წლის 24 აპრილს იწურება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერირების ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 7 ივნისს იწურება, გარდამავალ პერიოდში ბაქო-სუფსის მილსადენის მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია, ხელშეკრულების მოქმედების ვადა თანხვედრაში იყოს აზერბაიჯანში მოქმედ, მონაკვეთის ოპერირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებასთან. უცხოურ ნავთობკომპანიებსა და მილსადენის ოპერატორ კომპანიასთან ამ საკითხზე მიღწეულია შეთანხმება. შესაბამისად, 2026 წლის 8 ივნისამდე მილსადენის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მათი მხრიდან დაფინანსდება“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
იმედი
წყარო: imedinews.ge