მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკული პროექტების ინიციაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დღეს საქართველოშია

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკული პროექტების ინიციაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დღეს საქართველოშია

იმედი|imedinews.ge

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკული პროექტების ინიციაციის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დღეს საქართველოში არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში შემუშავებულია სახელმწიფოს გეგმა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, მათ შორის გადამცემი ქსელების, ისევე როგორც ქვესადგურების განვითარების იმისთვის, რათა თანაბრად გადანაწილდეს ელექტროენერგია და რეალურად ახალი დადგმული სიმძლავრეები ენერგეტიკულმა სისტემამ მიიღოს.

„პრემიერ-მინისტრმა უკვე ახსენა, რომ ჩვენი 10-წლიანი გეგმა, რომელიც დასრულდა და შემუშავებულია, გულისხმობს ელექტრო ენერგეტიკული თვალსაზრისით თვითმყოფადობას, რაც თავის მხრივ, ციფრებში გამოიყურება ასე, რომ დადგმული სიმძლავრე 2036 წელს უნდა შეადგენდეს 11 500 მეგავატს, როდესაც დღეს გვაქვს 4 700 მეგავატი. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, უნდა ექვემდებარებოდეს გონივრულ ვადებს ისევე, როგორც უნდა ეფუძნებოდეს იმ მნიშვნელოვან კვლევებს, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოდ და მდგრადად ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა. დღეს შემიძლია ასეც ვთქვა. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და არაერთი შეხვედრა, დისკუსია კერძო სექტორთან, სადაც მათთან ერთად, მათ შორის შემუშავდა 10-წლიანი გეგმა, რომელიც დაიყო ორ ფაზად. ორი ფაზის განმავლობაში ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება დამატებით 4 ათასი მეგავატი, რომელიც არის სწორი ბალანსით განაწილებული მზის, ქარის, ისევე, როგორც ჰიდრორესურსის სწორ ბალანსზე. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ენერგეტიკულ სისტემას დამატებით დაემატება 2 700 მეგავატი, რომლის უმეტესი წილიც მოდის მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე.

ამასთანავე, კვლევა ეფუძნება პოტენციალს და მე დავეთანხმებოდი, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინოსაც [ჩხობაძე], რომ ამ ენერგეტიკული რესურსების კვლევა არის მუდმივი პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ, ერთი მხრივ, სექტორის განვითარებასთან ერთად ვიზრუნოთ და უზრუნველყოთ ამომწურავი კვლევების ფორმირება იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად და სწორად შევაფასოთ ის, ვფიქრობ საკმაოდ დიდი რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საბედნიეროდ გააჩნია, განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკაში.

ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა, რადგან ერთია ინვესტორების სურვილი და მოტივაცია, რაც ძალიან მისასალმებელია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკული პროექტების ინიციაციის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დღეს საქართველოში არის.

ჩვენ ამ 10-წლიანი გეგმის ფარგლებში ასევე შევიმუშავეთ სახელმწიფოს გეგმა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს მათ შორის გადამცემი ქსელების, ისევე როგორც ქვესადგურების განვითარების იმისთვის, რათა თანაბრად გადანაწილდეს ელექტროენერგია და რეალურად ახალი დადგმული სიმძლავრეები ჩვენმა ენერგეტიკულმა სისტემამ მიიღოს. აქ არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვან ბალანსზე საუბარი, როდესაც მზის, ქარისა და ჰიდრორესურსების სწორი ბალანსით ჩვენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად საზოგადოების გაერთიანება, სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ჩვენი მოსახლეობის გაერთიანება მთავარი იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური აღორძინების და რაღა თქმა უნდა, იმპორტზე დამოკიდებულების ერთობლივი ძალისხმევით შემცირებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია