
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
აკანთუსის პრემია ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული „ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის“ მიერ არის დაარსებული. სწორედ აღნიშნული პრემიის პირველი გამოშვების ფარგლებში, ქართულმა პროექტმა - „პურის ფესტივალი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში“ - უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. კერძოდ, ქართულმა პროექტმა გაიმარჯვა კატეგორიაში -„საზოგადოების ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება“.
ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი (ERHG) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან ისტორიულ ბაღებს ერთ საერთო მარშრუტში აერთიანებს.
ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად თბილისის ბოტანიკურ ბაღში იმართება, ხელს უწყობს ტრადიციული ხორბლის ჯიშების, აგრარული მემკვიდრეობისა და ეთნობოტანიკური ცოდნის პოპულარიზაციას. იგი აერთიანებს სამეცნიერო და კულტურულ პრაქტიკას, იზიდავს ათიათასობით ვიზიტორს და მხარს უჭერს ადგილობრივ თემებს.
აღსანიშნავია, რომ პურის ყოველწლიური ფესტივალი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს UNESCO-ს მიერ 2025 წელს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი „ქართული ხორბლის კულტურის - ტრადიციებისა და რიტუალების“ შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
ევროპული ბაღების ასოციაციაში გაწევრებაზე განაცხადი 2019 წელს წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც ასევე უზრუნველყო გამარჯვებული პროექტის ნომინირება 2025 წელს.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ათენში, 2026 წლის 7-9 ოქტომბერს, ისტორიული ბაღების ევროპული ფორუმის ფარგლებში.
იმედი
წყარო: imedinews.ge