
პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.
საკითხი განსახილველად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს გაერო-ს კონვენციების თანდართული სიების თანახმად, ახალი ნივთიერებები ემატება.
კონვენციების სიებში შევიდა საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, რომლებიც სამკურნალო და ფარმაცევტული მიზნებისთვის არ გამოიყენება.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესაბამის სიებში, „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების“ ნუსხას გაერო-ს სიებში შეტანილი 15 ახალი დასახელების ნივთიერება, ხოლო „ფსიქოტროპული ნივთიერებების“ სიას ერთი ნივთიერება ემატება.
გარდა ამისა, კანონპროექტით, პრეკურსორების სიის ცხრილს ემატება 18 ახალი ნივთიერება.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge