
ტრამპმა ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა - „პრემიერ-მინისტრი ძლიერი ლიდერია, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაიცვა საზღვრები, მემკვიდრეობა, სუვერენიტეტი, ფასეულობები“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვის დროს აღნიშნა, რომ ორბანმა ფანტასტიკური სამსახური გასწია საკუთარი ქვეყნისთვის, კერძოდ, დაიცვა საზღვრები და ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალს.
„მსურს კეთილი სურვილები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელსაც, როგორც იცით, მხარს ვუჭერ. მე მხარს ვუჭერ მას არჩევნებზე, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება. მე მას სრულად, ყოვლისმომცველად ვუჭერ მხარს. პრემიერ-მინისტრი ძლიერი ლიდერია, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაიცვა საზღვრები, მემკვიდრეობა, სუვერენიტეტი, ფასეულობები. ის ფანტასტიკური ბიჭია. ჩემთვის დიდი პატივია მისი მხარდაჭერა. მან საკუთარი ქვეყნისთვის ფანტასტიკური სამსახური გასწია, განსაკუთრებით საზღვრების დაცვისა, კრიმინალთან და სხვა პრობლემებთან ბრძოლის საქმეში. ბევრ ქვეყანას ეს პრობლემები აქვს, თქვენ - არა“, - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, უნგრეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
იმედი
წყარო: imedinews.ge