
რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ეს ჯერ არ მომხდარა“, - თქვა რუბიომ იმ ცნობების კომენტირებისას, რომელთა თანახმადაც შესაძლოა იარაღის გადამისამართება მოხდეს. „ჯერჯერობით არაფერი გადამისამართებულა, თუმცა ეს შესაძლებელია“.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო: თუ შეერთებულ შტატებს გაუჩნდება სამხედრო საჭიროება - იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რომელიმე მისიის შესრულება - ჩვენი ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება“, - დასძინა რუბიომ საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დატოვების წინ.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო სანქცირებული რუსი კანონმდებლების ვიზიტს აშშ-ში და აღნიშნა, რომ ეს „წინასწარ იყო დაგეგმილი“.
„რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება სამთავრობო დონეზე, ისევე როგორც ეს გვაქვს დიპლომატიურ დონეზე“, - განაცხადა რუბიომ. „არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით დიდ დათმობას წარმოადგენდა“.
იმედი
წყარო: imedinews.ge