
POLITICO: მერცი სირიელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი სირიელების 80% 2029 წლისთვის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, საკუთარი კოალიციური პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მერცს არაერთხელ უთქვამს, რომ სირიელები, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და ხანგრძლივი და სასტიკი სამოქალაქო ომით განადგურებული ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა. ბოლოს ასეთი განცხადება გერმანიის კანცლერმა რამდენიმე დღის წინ სირიის ლიდერთან, აჰმედ ალ-შარაასთან ბერლინში გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
მერცის იდეის ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ გერმანიის მთავრობის თავმჯდომარეს სირიელების დასაბრუნებლად არც გეგმა, არც სამართლებრივი საფუძველი აქვს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელსაც არც გეგმა, არც სამართლებრივი საფუძველი და არც პატივისცემა აქვს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია“, - განუცხადა გამოცემას გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, აიდან ოზოგუნმა.
მერცის პარტნიორები კოალიციაში მისი მკაცრი მიგრაციული პოლიტიკით იმედგაცრუებულნი არიან. როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად მერცმა ჯერ „თალიბებთან“ მიაღწია შეთანხმებას და ავღანელებს სამშობლოში აბრუნებს, ხოლო ახლა ის თავშესაფრის მაძიებლებს უარს ეუბნება.
POLITICO-ს ცნობით, მერცმა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ დამკვიდრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას ზურგი შეაქცია. ამრიგად, მერცი ცდილობს მემარჯვენე ძალების შეკავებას, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვები მეტყველებს იმაზე, რომ ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მის კოალიციას რეიტინგებით უახლოვდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge