
WSJ: არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ითხოვს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
არაბთა გაერთიანებული საამიროები მზად არის შეუერთდეს ძალისმიერ ოპერაციას ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ამის განხორციელებას გადაწყვეტენ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ ჩაერთვება.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად საამიროები ლობირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისმიერ მოქმედებებს მწვანე შუქს აუნთებს. საამიროების დიპლომატებმა მოუწოდეს აშშ-ს, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებს, შექმნან კოალიცია, რომელიც სრუტის ძალისმიერი გზით გახსნაზე იზრუნებს.
WSJ-ის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ საამიროები დაჟინებით მოითხოვს აშშ-ისგან ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულების, მათ შორის აბუ-მუსას დაკავებას, რომელსაც ირანი აკონტროლებს და რომელზეც პრეტენზიას საამიროები აცხადებს.
ირანმა ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთში ომის თითქმის დაწყებისთანავე დაბლოკა. ამ სრუტეზე გადიოდა ნავთობის მთლიანი საზღვაო ექსპორტის მეხუთედამდე - დაახლოებით 20 მილიონი ბარელი დღე-ღამეში, ასევე თხევადი ბუნებრივი აირი. სრუტის ბლოკადამ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მარტის ბოლოს ირანმა გამოაცხადა, რომ სრუტეში გავლისთვის ბაჟს დააწესებს.
WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს აცნობა, რომ მზად არის დაასრულოს ომი ირანის წინააღმდეგ მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება. გამოცემის თანამოსაუბრეები ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი შეეცდება, სრუტის გახსნაში წამყვანი როლი ევროპელმა მოკავშირეებმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა იკისრონ.
იმედი
წყარო: imedinews.ge