
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თაღლითობის გამოაშკარავების შემდეგ „დიფ სთეითის“ დამარცხების პირობა დადო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ის შეებრძოლება „დიფ სთეითს“, რომელიც, მისი აზრით, ქვეყანას ჭამს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული განცხადება მიცოტაკისმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროში თაღლითობის ფაქტების გამოაშკარავების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გააკეთა.
სატელევიზიო გამოსვლაში მიცოტაკისმა თაღლითობის გამოაშკარავებას „ათვლის წერტილი“ უწოდა, რამაც კორუფციის აღმოფხვრის საქმეში მისი გამბედაობა გააძლიერა.
„ვცდილობ გარდავქმნა საბერძნეთი თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ. ეს არის ახალი ათვლის წერტილი „დიფ სთეითთან“ ბრძოლის საქმეში“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის სუბსიდიების გარშემო თაღლითობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, საბერძნეთში რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გასულ კვირას ევროპულმა პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება საბერძნეთის მმართველი პარტიის 20 წევრის წინააღმდეგ წამოიწყო.
გამოძიების თანახმად, საბერძნეთის სახელმწიფო სააგენტომ 2017 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში გამოყოფილი 300 მილიონი ევრო მიითვისა.
როგორც The Guardian-ი იუწყება, აგორებული სკანდალის გამო, საბერძნეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
იმედი
წყარო: imedinews.ge