
ავიაკომპანიების ჯგუფი ევროკომისიას ზაფხულის ბოლომდე EES-ის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისკენ მოუწოდებს
ავიაკომპანიების ჯგუფი ევროკომისიას საჭიროების შემთხვევაში, ზაფხულის ბოლომდე დაუშვას EES-ის (შესვლისა და გასვლის სისტემის) „სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისკენ“ მოუწოდებს.
Euronews-ი წერს, რომ ევროკავშირის შესვლისა და გასვლის ახალმა სისტემამ (EES) გასულ უქმეებზე აეროპორტების სასაზღვრო კონტროლზე „ქაოსი“ გამოიწვია - დაფიქსირდა სამსაათიანი რიგები და გავრცელდა ინფორმაცია მგზავრების შესახებ, რომლებმაც რეისებზე დააგვიანეს.
რიგი შეფერხებებისა და ეტაპობრივი მომზადების შემდეგ, ბიომეტრიული სასაზღვრო კონტროლის სისტემა შენგენის ზონაში ოფიციალურად პარასკევს, 10 აპრილს ამოქმედდა და ამჟამად ევროპის 29 ქვეყანაში მუშაობს.
სისტემა ეხება არაევროკავშირელ მოგზაურებს, რომლებიც შენგენის ქვეყნებში მოკლე ვიზიტით შედიან. ის პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის მექანიკურ პროცესს შესვლის, გასვლისა და შესვლაზე უარის თქმის ციფრული ჩანაწერებით ანაცვლებს. ამასთანავე, სისტემა პასპორტის მონაცემებთან ერთად აგროვებს ბიომეტრიულ ინფორმაციას, როგორიცაა სახის გამოსახულება და თითის ანაბეჭდები.
მოგზაურებს მისცეს რეკომენდაცია, რომ აეროპორტებში გაფრენამდე ბევრად ადრე გამოცხადდნენ. მიუხედავად ამისა, პარასკევს, სისტემის სრულფასოვანი მუშაობის პირველივე დღეს, დაფიქსირდა „მგზავრების მომსახურების შეფერხებები, დაგვიანებები და გამოტოვებული რეისები“, - აღნიშნულია ACI EUROPE-ისა და Airlines for Europe (A4E)-ის ერთობლივ განცხადებაში.
კვირების განმავლობაში ეს ორი ჯგუფი „აფრთხილებდა“ ყველას EES-ის „ოპერაციული დანერგვის სირთულეების“ შესახებ და აცხადებენ, რომ მათი „მთავარი შეშფოთება“ ახლა „რეალობად იქცა“. მათ მოუწოდეს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, „დაუყოვნებლივ შემოიღონ დამატებითი მოქნილობა“ ახალი სისტემის მუშაობაში.
ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, A4E კიდევ უფრო მკაცრი იყო და აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლზე სამსაათიანი რიგი არ არის EES-ის „საწყისი ეტაპის ხარვეზი“, არამედ „სისტემური ჩავარდნა“.
„ავიაკომპანიები დაუღალავად შრომობენ, რათა რეისები დანიშნულების ადგილზე დროულად ჩავიდნენ, რაც მგზავრებისა და ავიახაზების მთავარი პრიორიტეტია. მაგრამ ამ უქმეებზე EES-ის ამოქმედებამ სხვა სურათი აჩვენა: შეფერხებები და გადამეტებული ლოდინის დრო - ეს ყველაფერი ავიაკომპანიების კონტროლს მიღმაა, რაც დაგვიანებებსა და რეისების გამოტოვებას იწვევს“, - აღნიშნულია A4E-ის განცხადებაში.
A4E-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემის დანერგვისას მეტი მოქნილობა აუცილებელია ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვისთვის.
„ერთადერთი რეალური გამოსავალია, რომ ევროკომისიამ დაუშვას EES-ის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება ზაფხულის ბოლომდე, სადაც ეს საჭირო იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge