
POLITICO: განტევების ვაცის მოშორების შემდეგ ევროპას გულწრფელად მოუწევს საკუთარ თავს შეხედოს
„როცა ევროპელი ლიდერები კვიპროსზე ორდღიან მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ, მათი განწყობა ისეთივე მზიანი იყო, როგორც ხმელთაშუა ზღვაში მდებარე თავად ეს კუნძული. ამის მიზეზი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, ადამიანის, რომელიც 16 წლის განმავლობაში მათ პრობლემებს უქმნიდა, არყოფნა იყო“, - წერს POLITICO.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის თავდაცვაზე, ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და 1,8 ტრილიონი ევროს მოცულობის შვიდწლიან ბიუჯეტზე მსჯელობის შემდეგ, ევროპის ქვეყნების მეთაურებმა გულწრფელად შეხედეს საკუთარ თავს და მიხვდნენ, რომ მათი პრობლემები და უთანხმოებები ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ერთი ადამიანი.
„რიგ ასპექტებში ორბანი განტევების ვაცი იყო, რომლის უკანაც ყველაფერი... იდგა“, - განუცხადა გამოცემას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა. მისი თქმით, მომავალში ლიდერებს მოუწევთ „ღიად და გულწრფელად ისაუბრონ საკუთარ გეგმებზე“.
ორდღიანი სამიტის განმავლობაში გულწრფელი მოლაპარაკებების თემები გარეთ ჟონავდა.
პირველი უთანხმოება უკრაინის საკითხის განხილვისას გამოჩნდა. იმ დროს, როცა ლიდერების ერთი ნაწილი ბლოკში კიევის სწრაფ გაწევრიანებას ემხრობოდა, მეორე ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუთვალა, რომ კიევის სწრაფი გაწევრიანება „არარეალისტურია“.
შემდეგ, როგორც POLITICO წერს, ენერგეტიკის პრობლემამ იჩინა თავი. კვიპროსზე მიმდინარე სამიტის დროს ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებებით გამოწვეული გლობალური ენერგეტიკული შოკის დაძლევის „მოკლევადიანი ღონისძიებები“ განიხილეს. მათ ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს. საბოლოო ჯამში, საკითხის გადადება გადაწყვიტეს. კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულისმა ფინანსთა მინისტრებს დაავალა შეხვდნენ და დაახლოებით ერთ თვეში „ძალიან კონკრეტული წინადადებები“ წარადგინონ.
„იმედი გვაქვს, რომ ივნისისთვის საერთო შეთანხმება გვექნება“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge