
ირაკლი ბრაჭული: პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე
პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა.
მისივე თქმით, რაც მეცნიერებას დაგროვილი აქვს ცოდნა, ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ საჭიროა ანალიტიკური აზროვნება.
„შეიძლება 12 წელი ისწავლოს ადამიანმა და იმ დაგროვილი ცოდნიდან, რაც მას ასწავლეს, სულ რაღაც 20-25% იყოს ქმედითი, დანარჩენი ცოდნა უკვე გადალახული და მოძველებული იყოს. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე თუ იქნება აგებული განათლება, ის ნებისმიერ ახალ ტალღას, ნებისმიერ ახალ სიტუაციას სამყაროში სწორად აღიქვამს, სწორად გადაამუშავებს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინებაა მთელი ჩვენი კულტურისთვის, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის.
პატრიარქის იდეალი ჩვენი სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის ძალაშია და ძალაში იქნება, რომ ეს არის რწმენის, ცოდნის და აზროვნების სინთეზი, აზროვნების ჰარმონია და დარწმუნებული ვარ თაობები საქართველოში ამ იდეალს მიჰყვებიან, განახორციელებენ და ეს ჩვენ იმ გზაზე გაგვიყვანს, რომ ერი განვითარდეს და დადგეს მსოფლიოს სხვა მოწინავე ერთა შორის და ახალი აღორძინების ტალღა დაიწყოს ჩვენი ერის ცხოვრებაში“, - აღნიშნა ირაკლი ბრაჭულმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge