
გურამ ნიკოლაშვილი: ვერ დავასახელებთ ვერაფერს, რასაც ილია მეორე შეეხო და რაც არ იყო გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით. სხვანაირად ის არ აკეთებდა არაფერს
მან ყველაფერში ჩადო უდიდესი სიყვარული მრევლის, ქართველების და საქართველოსი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.
მისი თქმით, მან უმძიმეს პერიოდში გადმოიბარა ეკლესია და ყველაფერს, რასაც ის აკეთებდა, აკეთებდა ქვეყნის და ერის სიყვარულით აღსავსე. „ვერ დავასახელებთ ვერაფერს, რასაც ილია მეორე შეეხო და რაც არ იყო გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით. სხვანაირად ის არ აკეთებდა არაფერს. ალბათ ესეც ჟანრის კანონია - ქრისტესაც ერთი მოციქული ჰყავდა მოღალატე და გამცემი. ის, რომ ვიღაცები ამას ვერ ხედავენ, პირიქით ებრძვიან და სდებენ ბრალს ხან რაში და ხან რას. მაგრამ ის ყველაფერს უყურებდა ამ ჭრილში, რომ ის იყო ამ გაგებით ყველაზე დიდი ქართველი. ავტოკეფალიის აღდგენიდან 110 წელია გასული. ის იყო ამ პლეადაში მეცხრე პატრიარქი. მან პრაქტიკულად იმდენივე ხანი მართა ეკლესია, რაც ყველა წინა პატრიარქმა ერთად აღებულმა. ის იყო მათი მემკვიდრე, მათი შვილი და ჰქონდა მას ის ცოდნა და მომსწრე იყო იმ ყველაფრის თუ რა უნდა გაეკეთებინა იმ რთულ პერიოდში. საერთოდ არ არსებობდა რეცეპტი. ბოლოს ასეთი დევნა ქრისტიანობის არსებობდა მესამე და მანამდე საუკუნეებში. მან ყველაფერში ჩადო უდიდესი სიყვარული მრევლის, ქართველების და საქართველოსი“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge