
გურამ ნიკოლაშვილი: როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა
როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა, მთელს ზაფხულს მარტყოფში ატარებდა და თბილისშიც ვერ ჩამოდიოდა, ყველა ნაბიჯი უნდა შეეთანხმებინა მაშინდელი სამსახურებისთვის. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.
მისი თქმით, უწმინდესმა უმძიმეს პერიოდში გადმოიბარა ეკლესია და ყოველთვის ცდილობდა შემრიგებლის ფუნქცია ეთამაშა, ამავე დროს, არ დაეკარგა ობიექტურობა.
„გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიცით რამდენი რამ გადაგვხდა თავს. ამ ქარიშხალში, როდესაც ყველაფერი ირხეოდა და ინგრეოდა, ის [პატრიარქი] იყო ერთადერთი საყრდენი წერტილი. ღვთის და საკუთარი ქვეყნის გარდა არავინ სჭირდებოდა. ბუნებრივია, რომ ადამიანი მიდის, ბუნებრივია ობლობის განცდაც, ცხოვრება გრძელდება და ის დანატოვარი, რაც მან შექმნა, ცხადია უნდა გაგრძელდეს. ბედნიერები ვართ, რომ მოვესწარით მას და ეს იქნება საგზალი მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.
მან იცოდა, რომ ეკლესია არ შეიძლება იყოს მხარე. ყოველთვის ცდილობდა შემრიგებლის ფუნქცია ეთამაშა, ამავე დროს, არ დაეკარგა ობიექტურობა, გვესმის ეს რა რთულია. თუ ვინმე უკმაყოფილო იყო, კრიტიკის ქარცეცხლი მასზე [პატრიარქზე] მოდიოდა, ამიტომაც შედგა მისი ავტორიტეტი, რომ ყველამ დაინახა, რომ ის მხარე, ინსტრუმენტი ვერ იქნებოდა. რაც უფრო დრო გავა, გამოჩნდება, როგორ უნდა იაროს ნამდვილმა პატრიარქმა და ლიდერად შედგეს. როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა, მთელს ზაფხულს მარტყოფში ატარებდა და თბილისშიც ვერ ჩამოდიოდა, ყველა ნაბიჯი უნდა შეეთანხმებინა მაშინდელი სამსახურებისთვის. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა. ის მაშინ გახდა პატრიარქი, როდესაც ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა. არსებობდა რამდენიმე სასულიერო პირი. მას ერთდროულად უნდა დაებრუნებინა მრევლი ეკლესიაში და ეკლესია უნდა გაეხადა არა მარტო სულიერების, არამედ კულტურის, განათლების წყარო, რადგან თანამედროვე ადამიანს სხვა საჭიროებები გააჩნია. მან მოახერხა სწორედ ამ ხიდის აშენება და გადება“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge