
ჩემი თაობა მთლიანად მისი პატრიარქობის დროს გაიზარდა. ჩვენ სხვა პატრიარქი არც გვახსოვს, ამიტომაც ილია მეორე ჩვენი სულიერი სივრცისა და თვითშეგნების განუყოფელი ნაწილი გახდა - თეა სიჭინავას მონოლოგი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული „დღის ქრონიკა“, - განაცხადა „დღის ქრონიკის“ წამყვანმა თეა სიჭინავამ გადაცემის წარდგენისას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიეძღვნა.
მან ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მნიშვნელობაზე მთელი თაობისთვის და აღნიშნა, რომ ილია მეორე მისი თაობის სულიერი სივრცისა და თვითშეგნების განუყოფელი ნაწილი გახდა.
„ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სხვების იმედად აქცევენ, ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც დროს არ ემორჩილებიან, არამედ თავად აძლევენ დროს მნიშვნელობას. სწორედ ასეთი მნიშვნელობა შეიძინა 1977 წლის 25 დეკემბრიდან დღემდე პერიოდმა, რომელსაც უკვე ბევრმა, სრულიად სამართლიანად ეპოქა უწოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე ბევრს იტყვიან და ბევრს დაწერენ, მისი მოღვაწეობისა და ღვაწლის შესახებ მსჯელობას ჩვენი შესავალი სიტყვა ვერც დაიტევს და არც შევეცდებით, მაგრამ თავს უფლებას მივცემთ, მაინც ვთქვათ ჩვენი გადასახედიდან - ჩემი თაობა მთლიანად მისი პატრიარქობის დროს გაიზარდა. ამიტომაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩვენი სულიერი სივრცისა და თვითშეგნების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენ სხვა პატრიარქი არც გვახსოვს. და ვინც გვახსოვს, ის არ იყო მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი.
ნელ-ნელა, შეუმჩნევლად თუ შესამჩნევად, ის გახდა ჩვენი ცნობიერების ნაწილი. ამიტომ დღეს განცდა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ, დანაკარგი. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს რაღაც ფუნდამენტური, ჩუმად და უხმაუროდ შეიცვალა. თუმცა, რაც ნამდვილად არ იცვლება, არის ის გზა, რომელიც დარჩა. როგორც ამბობენ, დიდი ადამიანები არ ტოვებენ მხოლოდ კვალს, ისინი ტოვებენ მიმართულებას. და, ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სტუმრებთან ერთად შევეცდებით მიმოვიხილოთ, თუ რატომ იყო ილია მეორის პატრიარქობა არა უბრალოდ პერიოდი, არამედ ეპოქა“, - განაცხადა თეა სიჭინავამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge