საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: 49 წლის განმავლობაში პატრიარქმა ბეწვის ხიდზე, სიბრძნით ატარა ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყნისა ანგელოზისა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: 49 წლის განმავლობაში პატრიარქმა ბეწვის ხიდზე, სიბრძნით ატარა ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყნისა ანგელოზისა

იმედი|imedinews.ge

მძიმე განსაცდელმა გააერთიანა დღეს საქართველო. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი დაობლებულნი, შვილებრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია მეორეს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

მან პატრიარქის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 49 წლის განმავლობაში ილია მეორემ ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა.

„იგი დააკლდა არამარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ მთელ საქრისტიანოს და მსოფლიოს, მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენის ჩემი, მოღათუ-კუდეს, ცხონდესვე“. ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულს და გვწამს, რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით მფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა. გვჯერა ზეციურ სამყოფელში შევიძინეთ უდიდესი მსასოებელი.

49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. როგორც ბრძანებს მოციქული პავლე, ღვაწლი კეთილი მოიღვაწა, სრბაი აღასრულა, სარწმუნოება დაიმარხა.

მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა. შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს. ამ სამ საუნჯეს მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა.

მოგეხსენებათ, მან, როგორც პირველიერარქმა, მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო. ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწრეოებული ეკლესია. მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ შვიდი ეპარქია, გვყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო. დღეს გვაქვს 49 ეპარქია, მათ შორის 7 საზღვარგარეთ, გვყავს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. მისი მოღვაწეობის ნაყოფია სამების ეს უდიდესი ტაძარი.

ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე. გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, ამოქმედდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო, აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დარგი. უწმინდესის ძალისხმევით მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ.

უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ დააწესა შვიდგზის ლოცვები, რასაც უდიდეს მნიშვნელობა ანიჭებდა, რადგან ეს ლოცვით აერთიანებდა ჩვენს ერს. მან იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50 000-ს აჭარბებს. არაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე. ასე შეიქმნა გაძლიერებული, აღშენებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.

სურვილი იმისა, რომ დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი პატრიარქები - კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის და ღვაწლის გამორჩეულ გამგრძელებლად იქცა ილია მეორე.

არ არის შემთხვევით, რომ დაკრძალვის დღე წმინდა იოანე სინელის სათნოებათა კიბისაღმწერლის ხსენების დღეს ემთხვევა. ამ სათნოებათა საფეხურებზე ამაღლებით მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი სათნოება - სიყვარული, სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, რასაც იგი უშურველად გასცემდა. და აი, შედეგიც, ყველა მომსწრე ვართ საოცარი ფაქტისა: 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების ტაძრისკენ, რათა თავიანთი პატივისცემა და სიყვარული გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი“, - განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია