
მსოფლიო პატრიარქი: შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურების დასრულების შემდეგ.
„უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივ ეკლესიათა ყოვლადსამღვდელო წარმომადგენელნო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, თქვენო ყოვლადმაღალუსამღვდელოესობავ შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო, პატივცემულო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენო აღმატებულებავ, ქვეყნის ხელისუფალნო, სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენელნო, თქვენო აღმატებულებავ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო თბილისის მერო, ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთისმოსავნო, ბერნო და მონაზონნო, ღვთისმოსავო საქართველოს ერო!
და როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით, ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღვთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიულ უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე, ღვთივ ღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღმრთო მადლი. პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი. ღვთისმოშიში ქართველი ერი მოაკლდა მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის.
წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღვთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ, ჭეშმარიტად სვეტი სიმტკიცისამ, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას.
ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით: „რომელიც გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში. იწვრთნებოდა ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი“. მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო ღმერთმა ადრევე არწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ნეტარხსენებულ პატრიარქ დავით მეხუთის მემკვიდრედ განაბრწყინა მან მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში. როგორც ამ ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობელმა“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა.
იმედი
წყარო: imedinews.ge