საქპატენტის წარმომადგენლებმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

საქპატენტის წარმომადგენლებმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

იმედი|imedinews.ge

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებისთვის ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრება მუზეუმებში: პრაქტიკული და სამართლებრივი ასპექტები“.

ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა სწავლებას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების ის ობიექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამუზეუმო საქმიანობის გამართული ფუნქციონირებისა და სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა საავტორო უფლებებსა და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების როლზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, ასევე კოლექციების დიგიტალიზაციის სამართლებრივ ასპექტებსა და ინტერნეტსივრცეში განთავსების წესებზე.

გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს მუზეუმის სიმბოლიკის დაცვაზე, ლოგოს რეგისტრაციასა და მესამე პირების მიერ სიმბოლიკის უნებართვო გამოყენების აღკვეთაზე.

საქპატენტისთვის პრიორიტეტულია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებისათვის, რათა დაეხმაროს მათ, ცოდნაზე დამყარებული უნარების გამოყენებით, გადაჭრან ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.

სწავლებას უძღვებოდნენ საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია