
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ახალი პატრიარქის არჩევაზე: ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს
ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა,- აღნიშნა აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას.
მისივე თქმით, დღეს ყველას მართებს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და მას ჰქონდეს ღვთის ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს.
„49 წელი იღვაწა და იშრომა ღვთის სადიდებლად და ერისთვის თავდაუზოგავი შრომით, მარხვითა და ლოცვით. [ახალი პატრიარქის არჩევაზე] დიდი მითქმა-მოთქმაა და მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ტელევიზიებში ათას რამეს მოჰყვებიან, ათას გეგმას დასახავენ, ბევრ კანდიდატს დაასახელებენ. მიჰყვებიან ყველა, თითქოს, მნიშვნელოვან ამბავს. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად.
თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდან მოგახსენებთ, უფალი გვაფრთხილებს, მოვაო დროო, როდესაც იტყვიან - აი, აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე. ნუ დაუჯერებთ ნურავის, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ პატრიარქობა პატივია მხოლოდ. მისთვის პასუხისმგებლობა დიდი იქნება, რადგანაც სახარებაში ნათქვამია, ბევრის მქონეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრივე მოეკითხება. ამიტომ, ნუ აჰყვებით ამ ზღაპრებს“,- აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge