
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას ინფორმაციით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით.
როგორც ჩალიგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სატესტო გასვლების შედეგად გამოვლინდა საჭიროებები, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
„ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, თუ რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით“, - აღნიშნა თენგიზ ჩალიგავამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა სამ რეგიონში მიმდინარეობს - კახეთში, იმერეთსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც სატესტო გასვლები უკვე განხორციელდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge