
თორნიკე ჭეიშვილი: შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასულ წელს თავად ევროკავშირმა, ბოლო მომენტში დიალოგი გაურკვეველი ვადით გადადო. თუკი მათ რეალურად სურთ დიალოგი, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ მსჯელობისთვის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ევროკავშირში კვლავ ძალაშია ნარატივი საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ, რაც უსაფუძვლოა და შესაბამისად, მათი გზავნილები „შეფუთულია ყალბი ნარატივის საბურველით“.
ჭეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგისთვის, და ეს მოცემულობა არ შეცვლილა.
„მე ვფიქრობ, თავადაც ხვდებიან, რომ სანქციებზე საუბარი მათთვის უშედეგოა. მეორე მხრივ, თუ ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ იმ განცხადებებს, რომელიც მათ შორის კალასის მხრიდან გაკეთდა, ეს შეფუთულია კვლავ ყალბი ნარატივის საბურველით, იმის გათვალისწინებით, რომ კვლავ ახდენენ ცნობილი „მიგნების“ ტირაჟირებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, რაც უსაფუძვლო და უსამართლოა.
როცა ისინი ლაპარაკობენ დიალოგზე, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამოთქვამდა მტკიცე მზაობას, რომ ნებისმიერ ფორმატში ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა გამართულიყო, რომელიც ფაქტებზე იქნებოდა დაფუძნებული და არა ცრუ აღქმებზე. იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასულ წელს თავად ევროკავშირმა ბოლო მომენტში შეცვალა გადაწყვეტილება და ამ დიალოგის მომზადებული ფორმატი გაურკვეველი ვადით გადადო. თუკი მათ რეალურად ამოძრავებთ სურვილი დიალოგში შემოსვლის, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ მსჯელობისთვის“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge