
თორნიკე ჭეიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე
სამთავრობო ცვლილებები ძალიან მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალურ დაჯგუფებებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიცია ძალიან ღელავს და ნერვიულობს მამუკა მდინარაძის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაზე.
„ოპოზიცია ძალიან ღელავს და ნერვიულობს მამუკა მდინარაძის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაზე. ეს კაკაფონია, რომელიც ოპოზიციამ შექმნა, არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა, არის საწინდარი იმისა, რომ სამომავლოდ კოორდინაცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და ის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები, რომელიც პირდაპირ არის შემხებლობაში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და სხვა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებთან, შესრულდება ძალიან ეფექტიანად.
როდესაც საუბარია სუს-ის ახალ ხელმძღვანელზე, ახალ შს მინისტრზე, ორივე კადრი არის უაღრესად გამოცდილი პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალები, რომელთაც ასევე გააჩნიათ ძალიან ფართო გამოცდილება სხვადასხვა ძალოვან უწყებებში მუშაობისა და ვფიქრობთ, რომ ისინი მაღალეფექტიანად გაართმევენ თავს შესაბამისი უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
როდესაც საუბარია პოლიტიკურ დონეზე კოორდინაციის განხორციელებაზე, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ ეს კოორდინაცია კიდევ უფრო მეტად გაამყარებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებას“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.
იმედი
წყარო: imedinews.ge