
პაპუაშვილი: ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა - მისი მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა.
მის სახელს უკავშირდება არამხოლოდ ქართული ისტორიოგრაფიის მეცნიერული საფუძვლის შექმნა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება, არამედ საქართველოში თანამედროვე მეცნიერების ინსტიტუციური საძირკვლის ჩაყრა და განვითარება.
მეოცე საუკუნეში ქართული მეცნიერების პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწევები, არაერთი მსოფლიო დონის მეცნიერის გამოჩენა და სიმაღლე, სწორედ ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩაყრილი საძირკვლის დამსახურებაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებით ივანე ჯავახიშვილმა შექმნა სივრცე, სადაც ქართული მეცნიერება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განვითარდა, სადაც აღიზარდა მრავალი თაობა, რომელთა შრომამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება.
ვულოცავ საქართველოს საზოგადოებას ამ თარიღს და პატივს მივაგებ დიდ მეცნიერს, რომლის სახელიც სამუდამოდაა ამოტვიფრული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge