
მაკა ბოჭორიშვილი: თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი
საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.
სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ამასთან, თანამედროვე უსაფრთხოება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო კომპონენტით და მოითხოვს უფრო ფართო, მრავალმხრივ მიდგომას.
„დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ევროპული უსაფრთხოების შექმნაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge