
ზვიად შალამბერიძე: საქართველო თავისი მდებარეობით საინტერესო ლოკაციაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ განვითარებით. ეს ინტერესი რაც უფრო მეტია, მით მეტად იქნება საქართველოს სუვერენიტეტი დაცული
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან საინტერესო ლოკაციაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ განვითარებით. ეს ინტერესი რაც უფრო მეტი ქვეყნისთვის იქნება გამაერთიანებელი, მით მეტად იქნება საქართველოს სუვერენიტეტი დაცული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, „შუა დერეფნის“ საკითხი აშშ-სთვის, როგორც მსოფლიოს პირველი მოთამაშისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით არის ძალიან საინტერესო ლოკაცია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არის დაინტერესებული „შუა დერეფნის“ განვითარებით.
როდესაც აზია-ევროპის დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, ამერიკა, რა თქმა უნდა გვერდზე ვერ დადგება. ამერიკა პირველი მოთამაშეა მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, მისი ინტერესებიც არის, რომ „შუა დერეფანი“ განვითარდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, როგორი სიტუაციაც გვაქვს რეგიონში.
ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ეს დერეფანი, როგორ გამოიყენება მაგალითად, ფრენების თვალსაზრისით საქართველოს ცის თავზე, სადაც ძირითადი ნაკადები მიემართება. სხვადასხვა ტვირთის გადატანის მარშრუტადაც შეიძლება, იმავენაირი მარშრუტი განვიხილოთ და განვიხილავთ კიდევაც.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, დავანახოთ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, რომ საქართველოს მიმართ შეიძლება იყოს მათი ქვეყნის ინტერესი. ეს ინტერესი რაც უფრო მეტი ქვეყნისთვის იქნება გამაერთიანებელი, მით მეტად იქნება საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოში მშვიდობა დაცული. ვფიქრობ, ის მიმართულება, რასაც ნეიტრალიტეტი ჰქვია, რასაც იკავებს დღეს ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით, გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების კვეთა, როგორც პოლიტიკური, ასევე, ბიზნესის იყოს საქართველოზე გამავალი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge