დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

დავით მათიკაშვილი: რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები

იმედი|imedinews.ge

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარე ანტიეკლესიურ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

„რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები. ისინი მუდმივად ცდილობენ, ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, რითაც საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ ავლენენ მთელი საზოგადოების წინაშე. ყველამ შეიკავოს თავი. წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებით. საქართველოს აუცილებლად ეყოლება ღირსეული კათოლიკოს-პატრიარქი.

ეკლესიამ უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო გარედან დაფინანსებული რადიკალური ჯგუფები და მათი პროპაგანდისტული ტელევიზიები ამ პროცესს უნდა გაემიჯნონ, რამეთუ ნამდვილად არ აქვთ ადგილი ეკლესიის საქმეებში რადიკალურ ჯგუფებს და პროპაგანდისტულ ტელევიზიებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია