
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
„ამ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, რადგან ევროკავშირმა უკვე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს ოფიციალური პირებისთვის — სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. შვეიცარია უბრალოდ მიყვება ამ წესებს, რადგან ისიც წარმოადგენს შენგენის ქვეყანას “— აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ევროპელი ბიუროკრატების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში საუბარია საქართველოში გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმებაზე, რაც როგორც ჩანს მათთვის [ევრობიუროკრატებისთვის] მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შავი ფულით მართონ ძალადობრივი პროცესები და ამ ხერხით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, რადგან ევროკავშირმა უკვე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს ოფიციალური პირებისთვის — სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. შვეიცარია უბრალოდ მიყვება ამ წესებს, რადგან ისიც წარმოადგენს შენგენის ქვეყანას და, რა თქმა უნდა, უნდა დაემორჩილოს ევროკავშირის მიერ შემოღებულ რეგულაციებს.
თუ ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ და უფრო გლობალურად შევაფასებთ, ეს არის ევროკავშირის მხრიდან (რასაც შვეიცარიაც მიჰყვება), საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათ სჭირდებათ საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შესალახად.
რას ვგულისხმობ ამაში — ბოლო პერიოდის დოკუმენტებში ვხვდებით ორ ძირითად მოთხოვნას, რომელსაც უყენებენ საქართველოს ხელისუფლებას: გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, რომელიც საქართველოში შავი ფულის აღკვეთას გულისხმობს, და მეორე — ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ლგბტ თემის პროპაგანდის აკრძალვას ეხება სასწავლო დაწესებულებებში.
ამ ორ კანონზე გვედავებიან და, როგორც ჩანს, ეს არის ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რითაც ქართველი ხალხი იცავს თავს, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე, დაცული იყოს ჩვენი არასრულწლოვანი ბავშვების უფლებები.
ჩნდება კითხვა — რისთვის სჭირდებათ ამ კანონების გაუქმება. მათ უნდათ, რომ ხელისუფლება შეცვალონ და ამისთვის სჭირდებათ შავი ფული, რათა დააფინანსონ ძალადობრივი ქმედებები, რითაც ხელისუფლებას დაამხობენ, რადგან ჩვეულებრივი დემოკრატიული მეთოდებით ქვეყნის სათავეში მოსვლას ვერ ახერხებენ. არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ ცვლიან, რადგან დღეს "ქართულ ოცნებას", „ხალხის ძალას“ და "ევროპელ სოციალისტებს" უპირისპირდებიან ის ძალები, რომლებსაც არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხის კეთილდღეობა და არც საქართველოს ინტერესების დაცვა,“ — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge