
ComCom-ის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის თემაზე შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა, ComCom-ის წევრთან, ნათია კუკულაძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერებს, ასევე, აბაშისა და მარტვილის მერების მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა იყო. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ მერებს, პროექტის ფარგლებში, რეგიონში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და არსებული შედეგები გააცნო. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
გოგა გულორდავას თქმით, ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების ჯამური მოცულობა 2025 წლის ბოლოსთვის 3000 კმ ინფრასტრუქტურას შეადგენს, რაც 260,000-მდე მოსახლისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში , კომპანია „ოუფენ ნეტის“ მიერ 2025 წლისთვის აშენებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, უკვე 18 ინტერნეტპროვაიდერი და 3 მობილური ოპერატორი სარგებლობს და 14 მუნიციპალიტეტის 100,000-ზე მეტ მოსახლესა და 100-ზე მეტ სკოლას აწვდის მომსახურებას.
„აღნიშნული პროექტის შედეგად, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი სერვისები, როგორებიცაა ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები,“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.
შეხვედრაზე გოგა გულორდავამ დეტალურად ისაუბრა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზე“, რომელიც მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების უფასო ტრენინგებს სამიზნე დასახლებებში მცხოვრები პირებისთვის. „დღემდე მოვიცავით საქართველოს 5 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტი და გადავამზადეთ 12,000-მდე პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამა უკვე განხორციელდა 6 მუნიციპალიტეტში, ამჟამად კი მიმდინარეობს მარტვილში. ჯამში, რეგიონში გადამზადებულია 5000-მდე ადამიანი 100 სოფელში,“ - აღნიშნა გულორდავამ.
მისივე თქმით, მაღალი ინტერესის გამო, პროგრამას დაემატა ორი ახალი მოდული: „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ და „ინტერნეტი დასაქმებისთვის“, რომლებიც გათვლილია ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, პედაგოგებზე, სტუდენტებსა და უფროსკლასელებზე.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც მობილურ და ფიქსირებულ ინტერნეტთანაა დაკავშირებული. შეხვედრის ბოლოს, კომისიის თავმჯდომარე და მერები ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ იმისთვის, რომ რეგიონის მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული.
იმედი
წყარო: imedinews.ge