
ირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს
ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებზე ისაუბრა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ყურადღება გაამახვილა განსხვავებაზე კონკრეტული პოლიტიკოსების ვიწრო ინტერესებსა და სახელმწიფოებს შორის რეალურ ურთიერთობებს შორის.
„არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, მაგალითად ჯო უილსონის პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ მეორეა რეალური პოლიტიკური ცხოვრება, როდესაც რეალურ ცხოვრებაში საჭიროა რეალურ ქვეყანას, რეალურ პარტნიორს, რეალურ საქმეზე ესაუბრო - შენ მიიღო მისი გამოცდილება, მან გაიზიაროს შენი საკითხები და ურთიერთთანამშრომლობა არსებობდეს. აი, ეს ხდება დღეს - საქართველო ატარებს რეალურ პოლიტიკას.
რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ პირობითად სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს პირველ რიგში. ერთია პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და მეორეა რეალობა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის დროს ადრე თუ გვიან ყოველთვის იჩენს თავს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
აშშ-ში ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის 3 მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი იმყოფებიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge