გიორგი გაბუნია: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

გიორგი გაბუნია: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

იმედი|imedinews.ge

დღეს ევროკავშირს არ ჰყავს პასუხისმგებლობიანი ლიდერები, ვინც რეალურად აიღებენ პასუხისმგებლობას იმ აბსოლუტურად გაუაზრებელ და არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე, რომელსაც ევროკავშირი ბოლო წლების განმავლობაში ატარებს და რამაც ევროკავშირი შეიყვანა ისეთ სერიოზულ ჩიხში, საიდანაც დღეს გამოსავალი არ ჩანს, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირში პრაგმატული პოლიტიკა გაიმარჯვებს, მაშინ ამ პოლიტიკაში საქართველო აუცილებლად იქნება მოაზრებული.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, სამხრეთ კავკასია არის ერთადერთი მწვანე დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, შესაბამისად, პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ევროკავშირის ინტერესებში უნდა იყოს.

„ჩვენს ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართული მხარე გაგებით ეკიდება იმას, რომ დღეს ვაშინგტონისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი წარმოადგენს.

„ჩვენ პრაგმატული და ფრთხილი მოლოდინით ველით დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არსებითად გადაიტვირთება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს ეკადრება“, - აღნიშნა გაბუნიამ და დასძინა, რომ კომუნიკაცია თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვადასხვა დონეზე ახლაც მიმდინარეობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია