
ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
მან ასევე ისაუბრა სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეის შესახებ და აღნიშნა, რომ ღონისძიების ლაიტმოტივი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა.
„რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც ამ ღონისძიებასაც ლაიტმოტივად გასდევდა, იყო მშვიდობის დამყარება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ზოგადად მსოფლიოში. ამ მხრივაც მოვისმენთ თურქული მხარის პოზიციებს და გავიგებთ, თუ რა ხდება მოლაპარაკებებში, რამდენადაც ამ მოლაპარაკებებში თურქეთი აქტიურად არის ჩართული.
ღონისძიება გრძელდება, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დასრულების შემდეგ იქნება რეზოლუცია, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს და იქნება ყველა მოწოდება ყველა ქვეყნისათვის, რომ პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის შეხვედრა უახლოეს წუთებში დაიწყება.
ცნობისთვის, სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge