
განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი მაგისტრის დიპლომთან იქნება გათანაბრებული
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2005 წელს საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რომელიც გულისხმობდა უმაღლესი განათლების მოდელის საფეხურებად დაყოფას. უნივერსიტეტებს განესაზღვრათ კონკრეტული პერიოდი ძველი საგანმანათლებლო მოდელის ახალ მოდელზე გადასასვლელად. მისივე თქმით, უნივერსიტეტების ნაწილმა 2010 წლამდე ვერ მოასწრო ყველა პროგრამის გადაწყობა ახალ მოდელზე.
„2010 წლამდე არსებულ დიპლომში თუ მითითებულია ბაკალავრი ან მაგისტრი, ეს კანონი მას არ ეხება. შესაბამისად, ბაკალავრს მაგისტრად არ ვაქცევთ. დოქტორი დარჩება დოქტორად, მაგისტრი - მაგისტრად და ბაკალავრი - ბაკალავრად. აქ საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა ბაკალავრი განსაზღვრული არ არის, რადგან ახალ მოდელზე არ გადასულა“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ცვლილებებით, სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.
გარდა ამისა, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფოს მიერ ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად, აღიარებული იქნება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დაზუსტდება კანონის გარდამავალი დებულება, რომ განსაზღვრული კრედიტების რაოდენობის ცვლილება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში გავრცელდება მხოლოდ 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ხოლო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ცვლილება გავრცელდება 2026 სასწავლო წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
იმედი
წყარო: imedinews.ge