
ალუდა ღუდუშაური: სამწუხაროა, რომ ის ბიოლოგიურად ქართველები, რომლებიც წესით და რიგით უნდა უსმენდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა ატარებდნენ, იყურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათგან ელოდებიან ინსტრუქციებს
სამწუხარო რეალობაა, რომ ევროპული ღირებულებები სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ის ბიოლოგიურად ქართველები, რომლებიც წესით და რიგით უნდა უსმენდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა ატარებდნენ, იყურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათგან ელოდებიან ინსტრუქციებს.
„ის მოცემულობა, რომელშიც ეს პარტიები არიან, განპირობებულია იმით, რომ ფუჭად იყო ჩავლილი ყოველგვარი ძალისხმევა, რომ ასეთი ინსტრუქტაჟებით თუ სახელმძღვანელოებით ქვეყნის არევა და ნებისმიერი არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მორიგ ჯერზე კრახით დასრულდება.
მე მათ ვურჩევდი, რომ წაიკითხონ არა ასეთი ადამიანების ინსტრუქტაჟები, ან სახელმძღვანელოები, არამედ წაიკითხონ ჩვენი ეროვნული გმირების, მაგალითად ჭავჭავაძის და მოხევე ლელთღუნიას შეხვედრა, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს. ასეთი გზით თუ ივლიან, ისინი არ იქნებიან ასეთ გაუბედურებულ დღეში და იქნება ის, რომ ქართველი ხალხის ხმა იქნება არჩევნების გზით გადაწყვეტილი და დაე არჩევნებმა გადაწყვიტოს ვინ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ ჯგუფები, პირები, სუბიექტები, ვინც ამ ინსტრუქტაჟების იმედად არიან დარჩენილი, ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხი ვერასოდეს დაუჭერს მხარს.
როგორც ჩანს იმ ინსტრუქტაჟებმა, თუ სახელმძღვანელოების ავტორებმა არ იციან ქართველი ხალხი, არ იციან საქართველო. ჩვენ ვართ სიმართლის და სამართლიანობის მოყვარე ხალხი. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომ თითოეულ ქართველს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
იმედი
წყარო: imedinews.ge