ნინო ლაცაბიძე: მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო საქართველომ, რათა დღეს ჩვენი დროშით, გერბითა და ჰიმნით ღირსეულად გვეთქვა - მადლობა თავისუფლებისთვის!

ნინო ლაცაბიძე: მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო საქართველომ, რათა დღეს ჩვენი დროშით, გერბითა და ჰიმნით ღირსეულად გვეთქვა - მადლობა თავისუფლებისთვის!

იმედი|imedinews.ge

რუსთავში 1989 წლის 9 აპრილიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 35-ე წლისთავი გვიან ღამით აღინიშნა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთაველ ახალგაზრდებთან და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, დამოუკიდებლობის სკვერში შეიკრიბნენ.

„37 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღიდან - 1989 წლის 9 აპრილიდან. 35 წლის წინ კი მთელს მსოფლიოს განვუცხადეთ, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. რუსთავში, ამ დღეს, ტრადიციულად ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბეთ, რადგან მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო საქართველომ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი დროშით, გერბით და ჰიმნით ღირსეულად გვეთქვა - მადლობა თავისუფლებისთვის!“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

9 აპრილის მოვლენების მომსწრე რუსთაველები, ახალგაზრდებს 37 წლის წინ თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს 37 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს და იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცლის ფასად დაიცვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დღეს, როცა ვიხსენებთ იმ მძიმე და ამავდროულად ღირსეულ წუთებს, კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა და საზოგადოების ერთიანობა. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს და საკუთარი წვლილი შევიტანოთ ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესში“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

დამოუკიდებლობის სკვერში შეკრებილი რუსთაველები, მოგვიანებით 9 აპრილის მემორიალისკენ მსვლელობით დაიძრნენ, სადაც სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა პანაშვიდი გადაიხადეს. სიმბოლურად წითელი ტიტებით მორთული მემორიალი, რუსთაველებმა ყვავილებით შეამკეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია