ნინო ლაცაბიძე: პროექტ „ხელოვნების ბაღის“ მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა

ნინო ლაცაბიძე: პროექტ „ხელოვნების ბაღის“ მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, კლდიაშვილის სახელობის სკვერში, მრავალფუნქციური სივრცე - „ხელოვნების ბაღი“ გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის, გამოფენის და რეალიზების შესაძლებლობა უსასყიდლოდ აქვთ. რუსთავის მერიის ახალი პროექტის - „ხელოვნების ბაღი“ მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა, მათი ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

რუსთავის მერიამ ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაიწყო.

„პროექტ „ხელოვნების ბაღის” მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა. გარდა ამისა, გვინდა, რომ ახალგაზრდები ასეთი ტიპის საქმიანობითაც დავაინტერესოთ. დარწმუნებული ვარ, ქალაქში კიდევ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რომელსაც საკუთარი პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა სჭირდება, მაგრამ რადგან ამ ტიპის ბიზნესის დაწყებას, გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება, ამას ვერ ახერხებს. ეს სივრცე, სწორედ ასეთი ადამიანებისთვის გავხსენით. ძირითადად ქალბატონები აქტიურობენ და ამ ახალ პროექტს ქალი მეწარმეების მხარდაჭერის დატვირთვაც აქვს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი სივრცის არსებობა გარკვეულწილად პროფესიული განათლების ხელშეწყობაც იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

კლდიაშვილის სახელობის სკვერში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში საკუთარი პროდუქციის, გამოფენისა და რეალიზების შესაძლებლობა, დღეიდან ნებისმიერ მსურველს აქვს. ამისთვის რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის Fb გვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალურ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ ან რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრს მიმართონ.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია