
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
დაბა თამარისსა და სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაბა თამარისში უკვე მოეწყო საგზაო საფუძველი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ 2600 კვადრატულ მეტრზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება. რაც შეეხება სოფელ სავანეთს, უკვე მოეწყო საგზაო საფუძველი და უახლოეს პერიოდში 2500 კვადრატულ მეტრზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება.
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 577 600 ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლის რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ასევე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს. ქალაქ ბოლნისში, წისქვილის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საქვეითო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხიდურ გადასასვლელზე დარჩენილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და მისი ღირებულება 560 391 ლარს შეადგენს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, იოსებ ალიბეგაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge