
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კრეატიულობისა და ინოვაციის მსოფლიო დღე აღინიშნა
„ინოვაციის დღე KIU-ში“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კრეატიულობისა და ინოვაციის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მეცნიერებასთან დაკავშირებული და საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებების კრიტიკული გააზრება; სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებული, მრავალფეროვანი პერსპექტივების წარმოჩენა; ინოვაციური იდეების და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინტერესების გაზიარება. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა შესაბამისი შინაარსის საკონკურსო ნამუშევრები - ვიდეორგოლები, მცირე კვლევითი ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიებას KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, კანცლერი ლევან კოპალიანი, სკოლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შემოქმედებითი იდეებით ემსჯელათ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ტექნოლოგიური განვითარება, განათლების როლი ინოვაციების პროცესში და გლობალური გამოწვევების გადაჭრის თანამედროვე მიდგომები. მოწვეულმა სპიკერებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პრაქტიკოსმა მეცნიერებმა მოხსენებები STEM დარგების თანამედროვე ტენდენციებსა და შესაძლებლობებს მიუძღვნეს.
ღონისძიება KIU-ს სტუდენტური კონკურსის - „მითი თუ რეალობა“ - ფინალისტთა პროექტების წარდგენით და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. ნომინაციაში - „აუდიტორიის რჩეული“ - გაიმარჯვა მარიამ აკობიძის, ელისაბედ გვარამიასა და მარიამ ხორავას ერთობლივმა სტუდენტურმა პროექტმა. ჟიურის რჩეული გახდა ანა წაქაძე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია კვლევაზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერება, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და განვითარება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება სტუდენტური კონფერენციების ჩატარება, სადაც სტუდენტები სწავლობენ აკადემიური ნაშრომის მომზადებას, კვლევის პრეზენტაციასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. KIU ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციურ გარემოს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge