
2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
მორიგი შეხვედრა მარნეულში, პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა, სადაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი 130-ზე მეტ აბიტურიენტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა. მონაწილეებს ცენტრის დირექტორმა და წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საგამოცდო რეგისტრაციის პროცედურების, ვადებისა და იმ ძირითად მოთხოვნების შესახებ, რომელთა დაცვაც რეგისტრაციის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია.
ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას და ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრის მნიშვნელობაზე. მონაწილეებს განემარტათ, რომ პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება არსებითად განსაზღვრავს ჩარიცხვის შედეგს, ვინაიდან უპირატესობა ენიჭება სარეგისტრაციო განაცხადში პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევა უნდა განხორციელდეს გააზრებული და წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე.
აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების ინფორმირებულობის გაზრდასა და გააზრებული, სწორი საგანმანათლებლო არჩევანის გაკეთებაში.
ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge