
58 წლის პარიზელმა ინჟინერმა ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო
პარიზელმა ინჟინერმა საქველმოქმედო ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო. მოგების ნაწილი, რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობით, ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს გადაეცემა. ხელოვნებით გატაცებულმა არი ხოდარამ ლატარიის ბილეთში 100 ევრო გადაიხადა, მოგებული ნახატის ღირებულება კი მილიონ ევროს აღემატება. სულ 120 000 ბილეთი გაიყიდა.
რაც შეეხება ნახატს, ეს პიკასოს ერთ-ერთი მუზის, დორა მაარის პორტრეტია. ღრმა ნაცრისფერ-ლურჯ ტონებში შესრულებული გუაში, სახელწოდებით „ქალის თავი“ 1941 წელსაა დაწერილი.
ორგანიზატორებმა, ფრანგი ჟურნალისტის, პერი კოშენის ხელმძღვანელობით და მხატვრის ოჯახისა და ფონდის მხარდაჭერით, ესპანელი მაესტროს ნამუშევრების მსგავსი გათამაშება უკვე მესამედ ჩაატარეს.
პირველ გათამაშებაში, 2013 წელს, 25 წლის ამერიკელმა პენსილვანიიდან, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების კომპანიაში მუშაობს, მოიგო კუბიზმის პერიოდის (1914 წ.) ნამუშევარი „ადამიანი ოპერის ქუდით“.
2020 წელს კი გათამაშდა ტილოზე ზეთით შესრულებული „ნატიურმორტი“, რომელიც კლაუდია ბორგონიომ, იტალიელმა ბუღალტერმა მოიგო. ბილეთი მას შვილმა შობაზე აჩუქა.
დარჩენილი 11 მილიონი ევრო გადაეცემა ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს. ფონდი, რომელიც საქველმოქმედო ლატარიას აორგანიზებს, ბაზირებულია პარიზის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო კლინიკაში - პიტიე-სალპეტრიერში. 2004 წელს დაარსების დღიდან, ის გახდა საფრანგეთის წამყვანი კერძო ფონდი, რომელიც ალცჰაიმერის სამედიცინო კვლევებს აფინანსებს.
ორგანიზატორების თქმით, პიკასოს წინა ორმა აქციამ 10 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვა ლიბანში კულტურული პროექტებისა და აფრიკაში წყალმომარაგებისა და სანიტარიული პროგრამებისთვის.
იმედი
წყარო: imedinews.ge