
„ორიონი“ მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდა
NASA-ს მისიის, Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდნენ, სადაც მის მიზიდულობას კოსმოსურ ხომალდზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე დედამიწისას.
ეკიპაჟმა ეს გადასვლა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ განახორციელა, როდესაც ისინი მთვარიდან დაახლოებით 62 800, ხოლო დედამიწიდან 373 400 კილომეტრით მოშორებით იმყოფებოდნენ. შემდეგი საკვანძო ეტაპი მოგვიანებით, ორშაბათს, მთვარის უკანა მხარეს გამგზავრება იქნება, რითაც ისინი კოსმოსში უფრო შორს შეაბიჯებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი მანამდე.
დედამიწის თანამგზავრთან „ორიონის“ გადაფრენა პირდაპირ ეთერში სხვადასხვა პლატფორმაზე გადაიცემა.
„ორიონი“, რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი - რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი იმყოფება მთვარისკენ 1 აპრილს აფრინდა. ეს მთვარისკენ მიმართული პირველი პილოტირებული ფრენაა 1972 წლის შემდეგ.
მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს. მისიის მთავარი ამოცანა მთვარისკენ შემდეგი ფრენებისთვის ხომალდის სისტემების შემოწმებაა.
იმედი
წყარო: imedinews.ge