ასტრონომებმა სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს

ასტრონომებმა სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს

იმედი|imedinews.ge

ასტრონომებმა ისტორიაში სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შეადგინეს. ისინი 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცას ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის (DESI) მეშვეობით. მონაცემები მოიცავს 47 მილიონზე მეტ გალაქტიკასა და კვაზარს, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა რუკების მოცულობას, იუწყება New Scientist-ი.

არიზონაში, კიტ-პიკის ნაციონალურ ობსერვატორიაში დამონტაჟებულმა აღჭურვილობამ სკანირება 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველად მკვლევრები 34 მილიონი ობიექტის შესწავლას გეგმავდნენ, თუმცა ინსტრუმენტმა მოლოდინს გადააჭარბა. ზოგიერთი დაფიქსირებული გალაქტიკა უზარმაზარ მანძილზე იმყოფება.

„ჩემი კარიერის განმავლობაში ჩვენ მივყვებით მრუდს, სადაც ყოველ ათწლეულში რუკები 10-ჯერ იზრდება“, - აღნიშნა დევიდ შლეგელმა ბერკლის ლოურენსის სახელობის ეროვნული ლაბორატორიიდან. მისი თქმით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, 2061 წლისთვის 10 მილიარდი სინათლის წლის ფარგლებში არსებული ყოველი დაკვირვებადი გალაქტიკის ასახვა იქნება შესაძლებელი.

შექმნილი რუკა ცის 14 ათას კვადრატულ გრადუსს მოიცავს. გუნდი იმედოვნებს, რომ დაფარვის ზონას 17 ათასამდე გაზრდის. მთლიანი ცის ფართობი 41 ათას კვადრატულ გრადუსზე მეტია, თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია კაშკაშა ახლომდებარე ობიექტებით, მაგალითად, ირმის ნახტომით.

სამუშაოს ძირითადი ეტაპი დასრულებულია, თუმცა ინფორმაციის ანალიზს კიდევ დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. ამის შემდეგ ის სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. თავად ინსტრუმენტი მონაცემების შეგროვებას მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე გააგრძელებს, ხოლო მოდერნიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა 2030-იან წლებამდეც იმუშაოს.

მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს შევადაროთ გალაქტიკების განაწილება შორეულ წარსულსა და თანამედროვე ეპოქაში. ამან შესაძლოა ნათელი მოჰფინოს ბნელი ენერგიის ბუნებას, რომელიც სამყაროს დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

DESI-ს წინასწარი მონაცემები, რომლებიც 2024 წელს გამოქვეყნდა, მიუთითებს ბნელი ენერგიის შესაძლო შესუსტებაზე დროთა განმავლობაში. ეს ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ ვარაუდებს მისი მუდმივობის შესახებ. თუ შესუსტება დადასტურდება, ეს ეჭვქვეშ დააყენებს სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს. DESI-ს სრული მონაცემთა ბაზა ამ ფენომენის დეტალური კვლევის შესაძლებლობას მოგვცემს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია