
ამერიკული სტარტაპი აცხადებს, რომ შექმნა მაისური, რომლის გარეცხვაც მთელი თვის განმავლობაში არ არის საჭირო
ამერიკულმა სტარტაპმა Hercleon შექმნა მაისური, რომლის გარეცხვაც, როგორც ირწმუნებიან, 30 დღეზე მეტხანს არ არის საჭირო. კომპანია აცხადებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სამოსს უსიამოვნო სუნი არ ექნება.
ეს თვისება მაისურს მის ქსოვილში შემავალმა შვიდმა ელემენტმა უნდა მიანიჭოს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სპილენძი და ვერცხლი, რომლებსაც ანტიმიკრობული თვისებები გააჩნიათ. მათ უნდა გაანადგურონ ის ბაქტერიები, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ.
მაისურის შემქმნელები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ვულკანური ფერფლი, რომელიც შეიცავს სუნის შთამნთქმელ ფოროვან მინერალებს. მსგავს მასალას კატის ტუალეტის შემავსებლებში იყენებენ. კიდევ ორი „საიდუმლო ელემენტი“ ჰორმონალურ და ამიაკის სუნს ებრძვის.
მაისურის გამომგონებელი, ვენსესლაუს მუენი აცხადებს, რომ ასეთი ნივთის შექმნის იდეა ხანგრძლივი მოგზაურობისას მოუვიდა. გზაში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ მთელ მის ტანსაცმელს საშინელი სუნი ასდიოდა.
ახალი გამოგონებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მაისურის ერთ-ერთ ნაკლზე მიუთითებენ: პერანგი თვითწმენდადი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭუჭყი ან გადასხმული საჭმელი მაინც დატოვებს ლაქებს და დაგროვდება ქსოვილზე, თუ მას სათანადოდ არ მოუვლიან. გარდა ამისა, მუენს არაფერი უთქვამს რაიმე კვლევის შესახებ, რომელიც ნივთის დასახელებულ თვისებებს დაადასტურებდა.
მიუხედავად ამისა, ადამიანთა ნაწილმა იდეაში პოტენციალი დაინახა. პლატფორმა Kickstarter-ზე, სადაც სტარტაპი პროექტის განსახორციელებლად სახსრებს აგროვებს, 1,7 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე დახარჯა 272 ათასი დოლარი ამ მაისურებზე.
კომპანია მყიდველებს სუნისგან დაცვის სამი დონის მაისურებს სთავაზობს: სამდღიანი ვერსია „ბიუჯეტური“, ვერსია „სტანდარტი“, რომელსაც შეუძლია გაძლოს ორი კვირა, და „მაქსი“, რომელიც სიახლეს თვის განმავლობაში ინარჩუნებს. ეს უკანასკნელი 79 დოლარი ღირს.
იმედი
წყარო: imedinews.ge