
ამირან სალუქვაძე: ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური რიცხვი 1900-ზე ნაკლებია, ვიკა ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532 - რეალურად განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა
ექსპერტი ამირან სალუქვაძე გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაშიგანზრახ მკვლელობის 532 ფაქტი მოხდა.
სალუქვაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ რიცხვს უაზროს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ფილფანმა ეს მონაცემი განზრახ დაასახელა, ერთი პრობლემაა, ხოლო, თუ ვერ მიხვდა, რომ არარეალურ რიცხვს ასახელებდა - მეორე.
„იცით, მრავალი წელია კრიმინალის და შსს-ს სხვა სტატისტიკას ვადევნებ თვალს. ბევრჯერ გამოვაქვეყნე. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თუ რამდენად უაზრო რიცხვი თქვა ფილფანმა პარლამენტის ტრიბუნიდან: ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური რიცხვი 1900-ზე ნაკლებია. ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532. წლის განმავლობაში, 4 კვარტალზე რომ გავამრავლოთ, 22 წლის მონაცემებს ბევრად გადაუსწრებს. თუ განზრახ დაასახელა, ერთი პრობლემაა, თუ ვერ გაიგო შსს-ს სტატისტიკა და ვერ მიხვდა, რომ არარეალურ რიცხვს ასახელებდა, - მეორე. რეალურად კი განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა. თუ 2004 წელს 300-მდე მკვლელობა მოხდა, შარშან 70 შემთხვევა აღირიცხა”, - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge