
ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის
კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.
მისივე თქმით, საუბრობენ დიალოგზე, ევროინტეგრაციაზე, მაგრამ უსაფუძვლო ქარტეხილებში გვამყოფებენ და სანქციების ენით გვესაუბრებიან.
„ჩვენ, როგორც თავმოყვარე სახელმწიფომ და თავმოყვარე სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი ვთქვით ევროპის საბჭოში მონაწილეობის მიღებაზე და ამასაც თავისი საფუძველი ჰქონდა. ჯერ აღიარონ ყველა ის წევრი, ვინც იქ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. საზოგადოების წინაშე ასე დავსვამდი კითხვას, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მზად ვართ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრირება მოხდეს და სრულფასოვანი ოჯახის წევრები გავხდეთ, მაგრამ ერთია ჩვენ რისთვის ვართ მზად და მეორეა ევროკავშირი რისთვის არის მზად. არის ევროკავშირი თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში? საუბრობენ დიალოგზე, ევროინტეგრაციაზე, მაგრამ უსაფუძვლო ქარტეხილებში გვამყოფებენ და სანქციების ენით გვესაუბრებიან. სურთ საქართველოს ხელისუფლება მუდმივ შიშსა და წნეხში ამყოფონ. თვითონ ევროკავშირის შიდა სისტემა ინსტიტუციურ რეფორმას საჭიროებს. აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ იმაზე, ჩვენ რაიმე დავაშავეთ ევროკავშირთან ან თუნდაც ნებისმიერ ევრობიუროკრატთან მიმართებით, ეს ნამდვილად უსაფუძვლოა და სიცრუეა. ბევრი წლის განმავლობაში სხვა წევრ კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ პირობებში ამყოფებენ საქართველოს. აქედან გამომდინარე, არაფერია უცხო მათი მხრიდან.
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კრიტიკის ქარცეცხლი კონკრეტული წევრი სახელმწიფოების დაკვეთა შესაძლოა იყოს, ვინაიდან კანდიდატის წევრობა არ წყდება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე და რეფორმების გატარებაზე. შესაძლოა ითქვას, ეს იმდენად პოლიტიზებული საკითხია, რომ გარკვეული წევრი სახელმწიფოების თანხმობა სჭირდება“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge